
პარლამენტი “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების პრეზიდენტის ინიციატივას განიხილავს
11 მარტს პარლამენტმა “გრანტების შესახებ” კანონში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი განიხილა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას შეუძლია მიიღოს გრანტები უცხოური იურდიული სამეწარმეო პირებისაგან. “გრანტების შესახებ” მოქმედი კანონის თანახმად, რომელიც მიღებულ იქნა 1996 წელს, სახელმწიფოს გრანტების მიღება შეუძლია მხოლოდ უცხოეთის და საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებისაგან.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, მთავრობას გრანტების მიღება საქართველოს სამეწარმეო პირებისგანაც შეეძლო, რამაც წინააღმდეგობა წარმოშვა. იურიდიულმა ექსპერტმა დავით უსუფაშვილმა და ეკონომიკურმა ექსპერტმა ნიკო ორველაშვილმა ეს დებულება “სახელმწიფო რეკეტის დაკანონებად“ შეაფასეს.
ექსპერტებისა და პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ასევე კრიტიკული დამოკიდებულების გამო საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ამ დებულების კანონპროექტიდან ამოღების მოთხოვნა. ამდენად, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა გრანტები მხოლოდ უცხოური იურიდიული პირებისგან მიიღოს.
მიუხედავად ამ კომპრომისისა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს სახელმწიფო რეკეტისგან დაიცავს, ექსპერტები შიშობენ, რომ “უცხოური იურიდიული პირების“ დებულების კანონში შეტანით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ადგილობრივ ბიზნესზე და აიძულოს ოფშორული ზონებში დაარეგისტრიროს კომპანიები, რითაც ისინი “უცხოური“ კომპანიის სამართლებრივ სტატუსს შეიძენენ.