ახალი ამბები

პარლამენტმა რუსული ბაზების გაყვანის ვადა განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს 158 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომელიც ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს ზომები საქართველოში განლაგებული რუსული ბაზების წინააღმდეგ, თუ მხარეები 2005 წლის 15 მაისამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ბაზების გაყვანის “გონივრულ“ ვადებზე. იმავე დღეს, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვს სულ ცოტა სამი-ოთხი წელი დასჭირდება ბაზების გასაყვანად, ნაცვლად შვიდი წლისა, რომელსაც რუსული მხარე თებერვალში გამართულ მოლაპარაკებებზე ითხოვდა. რუსეთის შერბილებული პოზიცია თბილისის ოფიციოზმა “პოზიტიურ სიგნალად“ აღიქვა.


მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას და რუს სამხედროთა, ასევე მათი კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”. დადგენილებით, მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსულმა ბაზებმა 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. 


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დადგენილების თანაავტორია, დოკუმენტის მიღებას “ისტორიული“ ფაქტი უწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა მხარემ გამოხატა თავისი “კატეგორიული“ პოზიცია რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის მიმართ.


ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალმა ანატოლი მაზურკევიჩმა 10 მარტს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთს სულ მცირე სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.


“ეს [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომელსაც დავიცავთ რუსულ–ქართული მოლაპარაკებების მსვლელობისას“, განაცხადა მაზურკევიჩმა.


ეს  რუსეთის პოზიციის მნიშვნელოვან შერბილებაზე მიანიშნებს, რადგანაც თავდაპირველად რუსეთი ბაზების გაყვანისათვის 11 წელს ითხოვდა , ხოლო შემდგომში, 2005 წლის თებერვალში გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების წინ რუსულმა ოფიციოზმა ეს ვადა 7 წლამდე შეამცირა.   


10 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უცნობმა წყარომ “რია ნოვოსტის” ასევე განუცხადა, რომ 3-4 წელიწადია საჭირო ჩრდილოეთ კავკასიაში სამთო ბრიგადის შესაქმნელად, სადაც განლაგდებიან ის სამხედროები, რომლებიც ამჟამად საქართველოში მსახურობენ რუსულ ბაზებზე. 


“ჩვენი ბაზების სამუდამოდ საქართველოში დარჩენა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ ვერ გამოვიყვანთ ამ ბაზებს “ვერსად”. ჩვენ [ჩრდილოეთ] კავკასიისკენ გადავინაცვლებთ, სადაც იქმნება რუსეთის ახალი სამთო ბრიგადები. ეს ბრიგადები საბოლოოდ სამ-ოთხ წელიწადში შეიქმნება”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ, რომელსაც “რია ნოვოსტიმ” “მაღალი რანგის მოხელე” უწოდა. მისი თქმით, სამთო ბრიგადების განლაგების ზუსტი ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. 


საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა 10 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან “დადებითი სიგნალები” მოდის საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით. “მოსკოვი მზად არის წამოვიდეს ორივე მხარისთვის მისაღებ კომპრომისებზე – ეს არის გადამწყვეტი“, განაცხადა გელა ჩარკვიანმა რუსული ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მოსკოვის შერბილებულ პოზიციაზე კომენტარში. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება, 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს მცდელობები მოაგვაროს რუსეთთან არსებული ორმხრივი პრობლემები, მათ შორის საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, “ძალიან ფაქიზ“ ეტაპზე იმყოფება.


სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ანკარაში ჟურნალისტებს თავის თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები “ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება“.


“ჩვენ გვაქვს თურქეთის მხარდაჭერა [რუსული] სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით … და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებით”, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი” სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button