ახალი ამბები

პარლამენტმა რუსულ სამხედრო ბაზებზე დადგენილება ერთხმად მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს 158 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილებას “რუსული სამხედრო ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ“.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმ ერთსულოვნებას, რომელიც “ისტორიულ” დადგენილებასთან დაკავშირებით საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არსებობს.


“ახლა მნიშვნელოვანია, რომ დადგენილება შესრულდეს, რაშიც დარწმუნებული ვარ“, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


დოკუმენტი რუსული ბაზების გაყვანის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს. დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 მაისამდე, ნაცვლად 1 მაისისა, როგორც ეს პირველად ვერსიაში იყო გათვალისწინებული, უნდა მოამზადოს ბაზების მიმართ გასატარებელი განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “მისაღებ და გონივრულ ვადებზე”.  


ეს ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვის სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”.

მსგავსი/Related

Back to top button