ახალი ამბები

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს ექსპერტები ‘სახელმწიფო რეკეტის’ დაკანონებად აფასებენ

10 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ექსპერტებმა დავით უსუფაშვილმა და ნიკო ორველაშვილმა გააკრიტიკეს პრეზიდენტის ინიცირებულ კანონპროექტი “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის განხილვასაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს.


კანონპროექტით საქართველოს სახელმწიფოს ეხსნება შეზღუდვა მიიღოს გრანტები სხვა უცხოური და საერთაშორისო, აგრეთვე საქართველოს სამეწარმეო იურდიული პირებისაგან. “გრანტების შესახებ” მოქმედი კანონის თანახმად, რომელიც მიღებულ იქნა 1996 წელს, სახელმწიფო გრანტების მიღება შეუძლია მხოლოდ უცხოეთის და საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებისაგან.


დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ცდილობს ბიზნესთან არაფორმალური ურთიერთობები კანონის ჩარჩოებში მოაქციოს და უკვე კანონით, გრანტის სახით მოსთხოვოს მას თანხები. “ეს სახელმწიფო რეკეტის დაკანონებას ნიშნავს“, აცხადებს დავით უსუფაშვილი, “რაც ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება“.  
 
“ამ ცვლილებების განხორცილება დაუშვებელია იმ მოტივითაც, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი საგადასახადო კოდექსია“, განაცხადა ნიკო ორველაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button