ახალი ამბები

წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტი მიიღებს დადგენილებას რუსული ბაზების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ვერ შეძლეს პარლამენტართა გადარწმუნება გადაედოთ საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საწინააღმდეგო დადგენილების მიღება; შედეგად, დოკუმენტს პარლამენტი 10 მარტს განიხილავს. ამავდროულად, 9 მარტს მოსკოვმა განაცხადა, რომ დადგენილების მიღება გაართულებს “კომპრომისის“ მიღწევას სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით.


დადგენილების პროექტის ახალი ვერსია, რომელიც პარლამენტის სხდომას 9 მარტს წარედგინა და რომელსაც პარლამენტართა უმრავლესობამ, მათ შორის ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, დაუჭირა მხარი, რუსული ბაზების გაყვანის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს, თუ მანამდე თბილისმა და მოსკოვმა რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას არ მიაღწიეს.

საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 მაისამდე, ნაცვლად 1 მაისისა, როგორც ეს პირველად ვერსიაში იყო გათვალისწინებული, უნდა მოამზადოს ბაზების მიმართ გასატარებელი განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “კონკრეტულ, ქართული მხარისთვის მისაღებ და გონივრულ ვადებზე”.  


ეს ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას. საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის თქმით, წინასწარი გაანგარიშებით ეს ვალი 300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. დადგენილების პროექტით, ეს დავალიანება აღიარებული იქნება საქართველოს მიმართ რუსეთის ვალად.


დადგენილებამ გარკვეული დაპირპისპირება წარმოშვა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის, რომლებიც ამ დადგენილების ინიციატორები არიან.


ნინო ბურჯანაძე შიშობს, რომ ამგვარი დოკუმენტის მიღება ნაადრევია და შესაძლოა რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე მოლაპარაკებები შეაფერხოს.


9 მარტს პარლამენტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ დეპუტატები მიუბრუნდებიან დადგენილების პროექტს და მოითხოვენ ბაზების უპირობო გაყვანას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ შესთავაზებს ქართულ მხარეს გონივრულ წინადადებებს მაისის დასაწყისისთვის, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს იქნა შეთანხმებული.


პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციამ განაპირობა საპარლამენტო უმრავლესობის სპეციალური შეხვედრა, სადაც დახურულ კარს მიღმა განიხილეს დადგენილების ამ ეტაპზე მიღების მიზანშეწონილობა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც იყო მიწვეული.


სალომე ზურაბიშვილი იზიარებს ნინო ბურჯანაძის პოზიციას. მან ასევე ურჩია დეპუტატებს გადადონ დადგენილების პროექტის განხილვა. “უკეთესი იქნებოდა, რომ გადაგვედო დადგენილების პროექტის განხილვა“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, თუმცა დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია.


მას შემდეგ, რაც დადგენილების პროექტში მცირე შესწორებები შევიდა, პროექტი ოფიციალურად წარედგინა 9 მარტს პარლამენტის სხდომას, თუმცა დეპუტატებმა გადაწყვიტეს დოკუმენტის მიღება კიდევ ერთი დღით გადაედოთ.  


ამავდროულად, 9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში მომზადდა დადგენილების პროექტი ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ბაზების საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა “კონტრპროდუქტიული“ იქნება.


“ცხადია, რომ დაძაბულ ატმოსფეროში მომლაპარაკებლებს კომპრომისების გამონახვა გაუჭირდებათ“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


რუსეთის მხარე უახლოეს მომავალში გადასცემს ქართულ მხარეს საკუთარ წინადადებებს ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით.


“ინტენსიური მოლაპარაკებების გამართვა მარტში და აპრილში იყო შედეგი იმ შეთანხმებისა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თებერვალში თბილისში ვიზიტის დროს მიაღწია მთელ რიგ ორმხრივ საკითხებზე, მათ შორის სამხედრო ბაზების პრობლემაზე … ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მზადება მოლაპარაკებებისთვის“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

მსგავსი/Related

Back to top button