ახალი ამბები

სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მოსკოვი წინადადებებს ამზადებს

9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში მომზადდა დადგენილების პროექტი ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე.


“ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებებისათვის აქტიური მზადება. რუსეთის მხარე უახლოეს მომავალში გადასცემს ქართულ მხარეს საკუთარ წინადადებებს… ვიმედოვნებთ, რომ რუსულ–ქართული კონტაქტებისას შეთანხმდება რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს უპასუხებს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.

საქართველოს პარლამენტი 11 მარტამდე განიხილავს დადგენილების პროექტს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ორთვიან ინტერვალში მოსკოვი და თბილისი ბაზების გაყვანის “გონივრულ ვადებზე“ ვერ შეთანხმდებიან.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ბაზების საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა “კონტრპროდუქტიული“ იქნება. “ცხადია, რომ დაძაბულ ატმოსფეროში მომლაპარაკებლებს კომპრომისების გამონახვა გაუჭირდებათ“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მარტ–აპრილში მხარეები აწარმოებენ აქტიურ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებითაც. 


 

მსგავსი/Related

Back to top button