ახალი ამბები

აშშ-ის სენატის კომიტეტმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

8 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიის მომავლის” შესახებ მოსმენა გამართა. მოსმენაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის რეგიონში აშშ-ის, რუსეთის როლი, კონფლიქტების მოგვარების საკითხები, დემოკრატიის განვითარება. კომიტეტმა ასევე მოისმინა მოწვეული სტუმრების მოსაზრებები.  მათ შორის იყვნენ: ჯონ ტეფტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; ბრუს ჯექსონის, გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტი; ვლადიმერ სოკორი, ჯემსთაუნის ფონდის ექსპერტი.


კონფლიქტები


სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული კონფლიქტები “აფერხებს სახელმწიფოთა მშენებლობას და დემოკრატიზაციას შავი ზღვის რეგიონის რიგ ქვეყნებში“.


“როგორც ჩანს, რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერა მოლდოვასა და საქართველოში გარკვეული ბერკეტების შენარჩუნების საშუალებაა“, განაცხადა მან.


“პროგრესს საქართველოში მნიშვნელოვნად აფერხებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები; საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უნდა დადგეს, რათა დაეხმაროს საქართველოს ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვაროს … ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სააკაშვილს  ქვეყნის გაერთიანების საქმეში და მოვუწოდებთ საქართველოს მშვიდობიანი გზით მოაგვაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები“, განაცხადა ტეფტმა.


მან ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას ინტენსიურად განახორციელოს შიდა რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და “სტიმულს მისცემს სეპარატისტულ რეგიონებს ინტეგრირდნენ საქართველოში“.


გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტმა ბრუს ჯექსონმა განაცხადა, რომ კონფლიქტები დნესტრისპირეთში (მოლდოვა) და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს და მოუწოდა ევროკავშირს და ვაშინგტონს უფრო აქტიურად ჩაერთონ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.


“დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფეხი მოიკიდა ტრანსნაციონალურმა დანაშაულმა, შეიქმნა ნოყიერი პირობები იარაღის, ნარკოტიკების, ქალების და ბავშვების ტრეფიკინგისთვის. აღნიშნული კრიმინალი ხელს უშლის რეგიონის მთავრობას, უკანონო დინებებით საფრთხეს უქმნის ევროპას და ბოლოს, ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან იარაღისა და ტექნოლოგიების ჩვენი მტრებისთვის მიყიდვის საფრთხე არსებობს“, განაცხადა ბრუს ჯექსონმა.


მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რეგიონში “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების საკითხს. “ჩვენ უფრო დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი უნდა გამოვხატოთ, როდესაც მხარეები მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ მშვიდობისკენ. პრეზიდენტ მიშა [მიხეილ] სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ბრიუსელში და ვაშინგტონში სიჩუმით შეხვდნენ, რაც შემაშფოთებელია“, განაცხადა ბრუს ჯექსონმა. მას მხედველობაში ჰქონდა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა, რომელიც სააკაშვილმა იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააჟღერა.


ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტმა ვლადიმერ სოკორმა განაცხადა, რომ რუსეთს, რომელსაც “მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კონფლიქტების წამოწყებასა და განვითარებაში“, გარკვეული დაინტერესება აქვს ამ კონფლიქტების შენარჩუნებაში, რათა ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთსა და მოლდოვაზე და ხელი შეუშალოს მათ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.    


“რუსეთის პოლიტიკა მიმართულია არა კონფლიქტების გაყინვისკენ, არამედ უფრო მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებისკენ, რასაც თავად რუსეთი განაგებს. გაერომ და ეუთომ მხოლოდ კონფლიქტების დაკონსერვება მოახდინეს“, დასძინა ვლადიმერ სოკორმა.


რუსეთი/სამხედრო ბაზები/ეუთო


შავი ზღვის რეგიონის მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას, ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტაბილურობის სურვილს მოსკოვიც იზიარებს, “თუმცა სტაბილურობა მას [მოსკოვს]აბსოლუტურად განსხვავებულად ესმის“.


“რუსეთი საკმაოდ კრიტიკულია იმ პროგრამების მიმართ, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს თავისი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და რაც ევროკავშირის საზღვარზე და შავი ზღვის რეგიონში ძლიერი სახელმწიფოების შექმნის მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელთა შორის მოიაზრებიან საქართველო და უკრაინა. რუსეთი სტაბილურობას სტატუს ქვოს შენარჩუნებად მიიჩნევს“, განაცხადა ტეფტმა.


“ამავე მიზეზის გამო, რუსეთი არ ჩქარობს დახუროს დარჩენილი ბაზები საქართველოში და გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ  საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რომელიც  რუსული ბაზების სტატუსსა და გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებას ითვალისწინებს“, აღნიშნა ტეფტმა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მოსკოვს კვლავ მწვავე რეაქცია აქვს რეგიონში აშშ-ის სამხედრო როლის შესაძლო გაზრდის მიმართაც. “ამას ადასტურებს ის ზეწოლაც, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ახდენს, როდესაც ავალდებულებს ქვეყანას ჩარჩო ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება უცხოური ბაზების საქართველოში განლაგების აკრძალვის თაობაზე, ასევე ის უკმაყოფილება, რომელსაც რუსეთი გამოხატავს საქართველოში ამერიკის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ და “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით“, აცხადებს ტეფტი.


“ჩვენ ნათლად ავუხსენით რუსეთს ყველაზე მაღალ დონეებზე, რომ არ ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განლაგებას”, აღნიშნა მან. 


მისი განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე.


“ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს რუსეთისგან შეწყვიტოს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეფერხება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე. გვჯერა, რომ მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საერთაშორისო ტერორისტების და ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილება რუსეთსა და საქართველოს შორის“, განაცხადა ჯონ ტეფტმა.


ბრუს ჯექსონის თქმით, რუსეთი კვლავ უქმნის საქართველოს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. მისი განცხადებით, გასული წლის ბოლოს რუსეთმა არ მისცა ეუთოს საშუალება თავისი მისია განეხორციელებინა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, “რათა დაბრკოლება არ შექმნოდა როკის გვირაბით უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანსპორტირებაში“.    


ბრუს ჯექსონის თქმით, რუსეთის ქმედებები, მათ შორის ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის თაობაზე, “შესაძლოა ცუდის მომასწავებელი იყოს ეუთოსთვის“. 


თავის გამოსვლაში ვლადიმერ სოკორმა ყურადღება გაამახვილა ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ “სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებები უმოქმედოა“.


“2002 წლიდან მოყოლებული მოსკოვი უარყოფს, რომ მან იკისრა ვალდებულება საქართველოდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანის თაობაზე.  თავად ეუთო მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს “პოლიტიკურად სავალდებულოს“ უწოდებს, რომელიც განსხვავდება იურიდიულად სავალდებულოსგან, რაც პრაქტიკაში არასავალდებულოდ მიიჩნევა. 2003 წლიდან ეუთოს აღარ აქვს საშუალება მიუთითოს 1999 წელს მიღებული საკუთარ გადაწყვეტილებებზე, რადგანაც რუსეთი მარტივად ადებს ვეტოს ორგანიზაციის ამგვარ მცდელობებს. რეალურად რომ ვთქვათ, სტამბოლის ვალდებულებები უმოქმედოა“, განაცხადა ვლადიმერ სოკორმა.


“2004 წლიდან მოყოლებული მოსკოვი იმუქრება, რომ გაანადგურებს ეუთოს მისი ბიუჯეტის მიღებისა და ცალკეულ საქმიანობათა დაბლოკვის მეშვეობით. რუსეთს არ სურს ეუთოს ლიკვიდაცია, მას უბრალოდ დასუსტებული ორგანიზაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა. ამგვარ ვითარებაში, არავის  უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ეუთო სტამბოლის ვალდებულებებს წინა პლანზე წამოწევს“, დასძინა ვლადიმერ სოკორმა. 


რეგიონალური თანამშრომლობა/სუუამი
 
ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს რეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებას. მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა დსთ-ის ქვეყნებისადმი – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას და ასევე უზბეკეთის მიმართ, რომლებიც სუუამის წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ, საშუალებას მისცემს “ამ ქვეყნებს ითანამშრომლონ კანონაღსრულების საქმეში და ვაჭრობისა და ტრანსპორტირების რეჟიმების ჰარმონიზაციის კუთხით“.


“გასულ კვირას [2 მარტს] კიშინიოვში პრეზიდენტები სააკაშვილი, იუშჩენკო და ვორონინი ერთობლივი ინიციატივით გამოვიდნენ სუუამის აღორძინების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეც მომავალ თვეს [აპრილში] მოლდოვა გახდება“, განაცხადა ჯონ ტეფტმა.


თუმცა ბრუს ჯექსონის განცხადებით, რეგიონალურმა ინიციატივებმა, როგორიცაა “ბუნდოვანი სუუამი“ ან უმოქმედო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი, ვერ შეავსეს რეგიონში არსებული სიცარიელე.  


“შედეგად, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ რეგიონის ლიდერებთან, მათ შორის რუმინეთის პრეზიდენტ ბასესკუსთან, საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოსთან შავის ზღვის სტრატეგიის განსაზღვრისთვის ახალი სტრუქტურის შექმნის მიზნით“, დასძინა ბრუს ჯექსონმა. 

მსგავსი/Related

Back to top button