ახალი ამბები

ბურჯანაძე: სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით დადგენილების მიღება დღეს არ მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ მოხდება.


ბურჯანაძის ეს განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც დღეს ჩატარდა, ცნობილი გახდა, რომ ამ დადგენილების კენჭისყრა სწორედ 9 მარტს უნდა შემდგარიყო.
 
“დადგენილების პროექტის მიღება ამ სასესიო კვირის დღის წესრიგშია შეტანილი და არა დღევანდელ სხდომაზე. პროექტის განხილვა მოხდება 10 მარტს დღის მეორე ნახერვარში ან არაუგვიანესს 11 მარტის სხდომისა”, განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
 
მისივე თქმით, დღეს დეპუტატები იურიდიული და თავდაცვის კომიტეტების მიერ დადგენილების პროექტში წარმოდგენილ ცვლილებებს გაეცნობიან. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები.


როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძე მოითხოვდა ამ დადგენილების განხილვა გადადებულიყო მაისამდე, როდესაც იწურება ის ორთვიანი ვადა, რომელზეც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში 18 თებერვალს შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების მიხედვით, მაისის დასაწყისისთვის უნდა დადგინდეს ბაზების გაყვანის კონკრეტული ვადები.


ანალოგიური პოზიცია უკავია საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი დადგენილების მიღების გადადების მომხრეა.

მსგავსი/Related

Back to top button