ახალი ამბები

პარლამენტი რუსული ბაზების საწინააღმდეგო დადგენილებას დღეს განიხილავს

მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგობისა, პარლამენტარები 9 მარტს განიხილავენ დადგენილების პროექტს, რომელიც საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს.


გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპარლამენტო უმრავლესობის  შეხვედრაზე, რომელიც 9 მარტს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.


“უკეთესი იქნებოდა, დადგენილების განხილვა გადადებულიყო“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 9 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არასწორი იქნებოდა რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე დადგენილების პროექტის მიღება.  ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით რუსულმა მხარემ თბილისს 1 მაისამდე უნდა წარუდგინოს ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები.


“თუ რუსეთის მხარე არ შეასრულებს პირობას, მაშინ ჩვენ ამ დადგენილების პროექტს დავუბრუნდებით და მოვითხოვთ ბაზების უპირობოდ გაყვანას“, განაცხადა 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
დადგენილების პროექტში მცირე ცვლილებები შევა. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 მაისამდე, ნაცვლად 1 მაისისა, უნდა მოამზადოს ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “კონკრეტულ, ქართული მხარისთვის მისაღებ და გონივრულ ვადებზე”. ეს ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას, რომელიც წინასწარი გაანგარიშებით 300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.


 

მსგავსი/Related

Back to top button