ახალი ამბები

აშშ რუსეთ-საქართველოს საზღვრის საერთაშორისო მონიტორინგისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის “შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიის მომავლის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის აღდგენის საჭიროების საკითხი იქნა განხილული.


ჯონ ტეფტმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს რუსეთისგან შეწყვიტოს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეფერხება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე.


“გვჯერა, რომ მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საერთაშორისო ტერორისტების და ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილება რუსეთსა და საქართველოს შორის“, განაცხადა ჯონ ტეფტმა.


საკომიტეტო მოსმენაზე გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტმა ბრუს ჯექსონმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის თაობაზე შესაძლოა ცუდის მაუწყებელი იყოს ეუთოსთვის; უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს დემოკრატიული საქართველოსთვის არ იქნება ცუდის მაუწყებელი.


ჯეიმსთაუნის ფონდის წარმომადგენელმა ვლადიმერ სოკორმა სენატის მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული მოსკოვი იმუქრება, რომ გაანადგურებს ეუთოს მისი ბიუჯეტის მიღებისა და გარკვეული საქმიანობების დაბლოკვის გზით.


“რუსეთს არ სურს ეუთოს ლიკვიდაცია, მას უბრალოდ დასუსტებული ორგანიზაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა“, დასძინა ვლადიმერ სოკორმა.

მსგავსი/Related

Back to top button