ახალი ამბები

რუსულ ბაზებთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის განხილვა შესაძლოა დღის წესრიგიდან მოიხსნას

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის განხილვა, რომელიც 9 მარტს იგეგმებოდა, მოხდება “არა პლენარული სხდომის, არამედ კომიტეტების დონეზე“. პროექტის ინიციატორი თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტები დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას გეგმავენ .


ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით რუსულმა მხარემ თბილისს 1 მაისამდე უნდა წარუდგინოს ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები. “თუ რუსეთის მხარე არ შეასრულებს პირობას, მაშინ ჩვენ ამ დადგენილების პროექტს დავუბრუნდებით და მოვითხოვთ ბაზების უპირობოდ გაყვანას“, განაცხადა 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ.


18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რუსეთ–საქართველოს პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის რუსულ ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადებები 1 მაისამდე მომზადდება.


ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ მისთვის “მოულოდნელობა“ იყო, როცა პარლამენტის დღის წესრიგში აღნიშნული დადგენილება აღმოაჩინა და ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი “შეთანხმებული არ იყო [პარლამენტის] ხელმძღვანელობასთან“.


რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე გადაწყვეტილება 7 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომამ მიიღო, რომელსაც ნინო ბურჯანაძე გერმანიაში ვიზიტის გამო არ ესწრებოდა.

Back to top button