ახალი ამბები

სსფ-ის მისიამ საქართველოში ფისკალური ვითარება შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისის ოფისის მიერ 9 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში  ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდი დადებით შეფასებას აძლევს მაკროეკონომიკურ ვითარებას საქართველოში, თუმცა აქვე დასძენს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რეალური მაჩვენებელი (8.4%) მეთოლოდოგიური პრობლემებისა და ფარული გარიგებების ლეგალიზების გამო შესაძლოა ხელოვნურად იყოს გაზრდილი.


სავალუტო მისია, რომელიც საქართველოში 24 თებერვლიდან 7 მარტამდე იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დონე 2004 წლის ივნისში დაფიქსირებული 3.6%-დან დეკემბრის ბოლოსთვის 7.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლის იანვრის ბოლოსთვის 9.2% შეადგინა.


“2004 წლის ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით შემოსავლების მობილიზების კუთხით, რაც საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებამ გამოიწვია“, ნათქვამია პრეს-რელიზში.


სავალუტო ფონდის მისიამ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მთავრობის ეკონომიკური პროგრამის განხორციელების თაობაზე გამართა მოლაპარაკებები, განაცხადა, რომ კაპიტალის შემოდინებამ, რაც ძირითადად “ინვესტორთა ნდობის გაზრდამ“ გამოიწვია, გაართულა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება 2004 წლის დასაწყისიდან.


მისია მიესალმა საქართველოს მთავრობის მცდელობას, რომელიც მიმართულია ენერგოსექტორის განვითარებისკენ, პრივატიზაციის პროცესის მხარდაჭერისკენ, სამოქალაქო სამსახურის რეფორმირებისა და ფინანსური სისტემის მოდერნიზაციისკენ.


 

მსგავსი/Related

Back to top button