ახალი ამბები

სააკაშვილი და ბურჯანაძე რუსული ბაზების საწინააღმდეგო დადგენილების პროექტის მიმართ სიფრთხილეს იჩენენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ზომიერ პოზიციას იკავებენ პარლამენტარების მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტის თაობაზე, რომელიც საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს და რომლის განხილვაც პარლამენტში 9 მარტს არის დაგეგმილი.


8 მარტს ორივემ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ აღნიშნეს, რომ პარლამენტის მიერ ამგვარი დადგენილების მიღება ნაადრევია და შესაძლოა შეაფერხოს რუსეთთან მოლაპარაკებები ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. 


მიხეილ სააკაშვილმა 8 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას იმედი აქვს მომდევნო თვენახევრის განმავლობაში თბილისი და მოსკოვი მიაღწევენ შეთანხმებას რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. “ჩვენი პოზიცია ნათელია – რუსული ბაზები უნდა გავიდნენ საქართველოდან. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება იყოლიოს თავისი ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე“, განაცხადა სააკაშვილმა.


“მეორე მხრივ, თვენახევარი დარჩა რუსულ სამხედრო ბაზებზე შეთანხმების მიღწევამდე; შესაძლოა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ამ პერიოდში. მე ოპტიმისტი ვარ“, დასძინა სააკაშვილმა.


სააკაშვილს და ბურჯანაძეს მხედველობაში ჰქონდათ შეთანხმება, რომელსაც თბილისმა და მოსკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტის დროს მიაღწია (18 თებერვალს).  ამ ვიზიტის დროს სერგეი ლავროვი და მისი ქართველი კოლეგა სალომე ზურაბიშვილი შეთანხმდენენ, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს. სამუშაო ჯგუფები 9 მაისამდე,  პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტამდე, მოამზადებენ წინადადებებს არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.


ნინო ბურჯანაძის თქმით, არც მან და არც პრეზიდენტმა არ იცოდნენ პარლამენტის განზრახვაზე დადგენილების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით.


“მე, ისევე როგორც პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა], არ ვიცოდით ამის [დადგენილების პროექტის] შესახებ. მისი განხილვა მიმდინარე კვირას არ იგეგმებოდა“, განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


გადაწყვეტილება რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე 7 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. ნინო ბურჯანაძე, რომელიც 7 მარტს გვიან ღამით დაბრუნდა გერმანიიდან, პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დასწრებია. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდა დადგენილების პროექტის 9 მარტის სხდომაზე გატანა.


თუმცა, მიუხედავად ნინო ბურჯანაძის და მიხეილ სააკაშვილის პოზიციისა, დადგენილების პროექტის ავტორები მაინც გეგმავენ საკითხის გატანას 9 მარტს დაგეგმილ პარლამენტის სხდომაზე.


„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მიიღებს დადგენილებას და ასევე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებიც მისცემენ ხმას ამ დოკუმენტს“, განუცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 8 მარტს ტელეკომპანია „იმედს“.


დადგენილების პროექტი, რომელიც ერთობლივად მოამზადა თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, კერძოდ კი დეპუტატების გიგა ბოკერიას, კოტე გაბაშვილის და გივი თარგამაძის მიერ, ითვალისწინებს 2006 წლის 1 იანვრამდე ბათუმიდან და ახალქალაქიდან 3,000 რუსი სამხედროს გაყვანას და რუსული ბაზების დახურვას.


დადგენილების პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 1 მაისამდე უნდა მოამზადოს ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “კონკრეტულ, ქართული მხარისთვის მისაღებ და გონივრულ ვადებზე”. დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტი შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას ავალებს:


• საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაჩეროს ვიზების გაცემა რუს სამხედრო მოსამსახურეებზე;


• საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს და შეაფასოს ბაზების საერთო დავალიანება საქართველოს ბიუჯეტის მიმართ;


• თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ რუსი სამხედროების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კუთვნილი სახედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავება. თუმცა, დადგენილების პროექტი არ აკონკრეტებს “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ დეტალებს.
 
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის განხილვისას “ულტიმატუმის, შანტაჟისა და ზეწოლის ენა მიუღებელია“.   


“ორმხრივი კომისია, რომელიც რეგულარულად ატარებს სხდომებს, როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, მოწოდებულია მოაგვაროს ბაზების გამოყვანის საკითხი“, განაცხადა ვიაჩესლავ სედოვმა.


“ჩვენ ვერ გამოვიყვანთ ჯარებს ტრიალ მინდორში, როგორც ეს რუსეთის ისტორიაში [ჯარების გერმანიიდან გამოყვანის დროს] ერთხელ უკვე მოხდა. საჭიროა რუსეთში ინფრასტრუქტურის შექმნა ჯარების გამოსაყვანად“, დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button