ახალი ამბები

რუსულ სამხედრო ბაზებს კანონგარეშედ გამოცხადება ემუქრება

9 მარტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს, რომელიც საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის თანახმად, ბათუმიდან და ახალქალაქიდან 3,000 რუსი სამხედროს გაყვანისა და რუსული ბაზების დახურვის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. 

დადგენილების პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 1 მაისამდე უნდა მოამზადოს ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “კონკრეტულ, ქართული მხარისთვის მისაღებ და გონივრულ ვადებზე”. დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტი შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას ავალებს:
 
• საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაჩეროს ვიზების გაცემა რუს სამხედრო მოსამსახურეებზე;


• საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს და შეაფასოს ბაზების საერთო დავალიანება საქართველოს ბიუჯეტის მიმართ;


• თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ რუსი სამხედროების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კუთვნილი სახედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ შემუშავება. თუმცა, დადგენილების პროექტი არ აკონკრეტებს “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის“ დეტალებს.
 
დადგენილების პროექტი საქართველოში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის ოკუპაციისა და ანექსიის მემკვიდრეობად აფასებს.
 
დადგენილების პროექტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ბაზები 2006 წლის 1 იანვრამდე ფუნქციონირებენ “გასვლის რეჟიმში“. “გასვლის რეჟიმი“ გულისხმობს პერიოდს ბაზების სრულ გაყვანამდე. ამ პერიოდის განმავლობაში “ბაზების ფუნქციონირება, საბრძოლო წვრთნების, როტაციის ჩატარება და სხვა, ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, ნათქვამია დადგენილების პროექტში.  
 
1999 წლის ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულება ავალდებულებს რუსულ და ქართულ მხარეებს 2001 წლამდე მიაღწიონ შეთანხმებას ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადებზე. “2000 წელს მხარეებმა უნდა დაასრულონ მოლაპარაკებები ბათუმსა და ახალქალაქში რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ფუნქციონირების ხანგრძლივობის თაობაზე“, ნათქვამია ხელშეკრულებაში.
 
ქართული მხარე რუსეთს “მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებაში“ ადანაშაულებს. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში ნათქვამია, “ქართული მხარის კომპრომისულ წინადადებებს შედეგი არ მოჰყოლია და დღეისათვის აშკარაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია მოქცეული … აშკარაა, რომ რუსეთი იყენებს “დროის გაჭიანურების ტაქტიკას“. გარდა ამისა, რუსეთი წელიწადში 2-3-ჯერ აწყობს მოლაპარაკებებს ექსპერტების დონეზე [რუსულ და ქართულ მხარეებს შორის], რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, თითქოს მოლაპარაკებების პროცესი არ შეწყვეტილა“.
 
ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულება ასევე ავალდებულებდა რუსეთს თბილისის მახლობლად განლაგებული ვაზიანის სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუდაუთის სამხედრო ბაზის გაყვანას 2001 წლის 1 ივლისამდე. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება რუსეთმა მხოლოდ “ნაწილობრივ“ შეასრულა. “ვაზიანის სამხედრო ბაზა ლიკვიდირებულ იქნა… ხოლო გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დღესდღეობით კვლავაც რჩება დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურე“, ნათქვამია დადგენილების პროექტში, სადაც ასევე მითითებულია გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საჭიროებაზეც. 


დადგენილების პროექტის თანახმად, რუსული მხარე ცდილობს მაქსიმალურ მზადყოფნაში მოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა ანუ მოახდინოს “ბაზების ოპტიმიზაცია“. “ასევე შეინიშნება სამხედრო ბაზების პერსონალის გაზრდის მცდელობა. ქართული მხარის მიერ მრავალჯერადი აკრძალვის მიუხედავად, სამხედრო პოლიგონებზე მიმდინარეობს საბრძოლო წვრთნები“, ნათქვამია დადგენილების პროექტში.
 
ქართველ პარლამენტართა განცხადებით, დადგენილების პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაა შეთანხმებული.
 
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ დადგენილების პროექტის მიღება მოსკოვს “გააღიზიანებს, მაგრამ საქართველოს არ ეშინია რუსეთის გაღიზიანების“, განუცხადა მან ჟურნალისტებს 7 მარტს. 
 
“ამ დადგენილების მიღება საჭირო გახდა, რადგანაც ჩვენ აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსეთი ნებაყოფლობით გაიყვანს ბაზებს საქართველოდან”, განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარაგამაძემ ჟურნალისტებს.
 
რუსეთმა უკვე დაადანაშაულა საქართველო მოლაპარაკებების პროცესის გართულებაში, მას შემდეგ, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტისა და რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხების თაობაზე. 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამგვარი მუქარებით თბილისი “მოლაპარაკებების პროცესს ართულებს“.
 
18 თებერვალს თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა და მისმა ქართველმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს. სამუშაო ჯგუფები 9 მაისამდე მოამზადებენ წინადადებებს არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე. სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში. თუმცა, ამ დრომდე სამუშაო ჯგუფების არცერთი შეხვედრა არ გამართულა.

Back to top button