
აფხაზეთში რუსული პასორტების გაცემა დაიწყება
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სოჭში ანატოლი შოსტაკს შეხვდა, სადაც განიხილეს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის საკითხი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“.
„ჩვენ ვეცდებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით შევქმნათ ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციის აკუმულირებას მოახდენს“, განაცხადა ანქვაბმა.
კონტროლს რუსეთის მოქალაქეობისა და რუსული პასპორტების გაცემაზე ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია გაუწევს. აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესისი“ ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი უკვე შეხვდა აფხაზეთის პასპორტებისა და ვიზების გაცემის განყოფილების წარმომადგენლებს.
ანქვაბი საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ მუშაობას მოქალაქეობის და პასპორტების გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის გასაფორმებლად.