ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთში პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს პრივატიზაციის პროცესს აფხაზეთში, მიუხედავად თბილისის გაფრთხილებისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ პრივატიზებული ქონების კონფისკაცია მოხდება.


„რა თქმა უნდა განვაგრძობთ პრივატიზაციის პროცესს და [აფხაზეთის] ახალი ხელმძღვანელობა უკვე ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს კერძო ქონების უსაფრთხოების გარანტირების მიზნით“, განაცხადა ბაღაფშმა, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებებს ახორციელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.


„თბილისის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. იმის იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ თბილისი აღფრთოვანებით შეხვდება აფხაზეთის ფეხზე დადგომას და მისი ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს – იმისათვის რომ მოლაპარაკებები განვაახლოთ, რაღაცით უნდა დავიწყოთ. არსებულ სიტუაციაში, მიმაჩნია, რომ აზრი არ აქვს პოლიტიკის ეკონომიკაზე მაღლა დაყენებას“, განაცხადა ბაღაფშმა.  

Back to top button