ახალი ამბები

მთავრობა დეპუტატებს IPAP-ის განხორციელების თაობაზე ინფორმაციას აწვდის

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში მოსმენა მიმდინარეობს, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ქართველ პარლამენტარებს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან. 


მოსმენა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. „IPAP გასაიდუმლობულია, ამგვარად, სხდომაც დახურული იქნება ჟურნალისტებისთვის“, განუცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს.


ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების რეფორმირებას გულისხმობს, გასული წლის ოქტომბერში დაამტკიცა.  


საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ასევე ესწრება ლატვიელი რომუალდს რაჟუკსი, ნატოს მეკავშირე ოფიცერი კავკასიაში. 


გასული წლის ივნისში სტამბოლში გამართული სამიტის დროს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ განსაკუთრებული ყურადღება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობას მიექცეს. ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად რობერტ სიმონსი დაინიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. გარდა ამისა, ნატოს თითო მეკავშირე ოფიცერი ჰყავს თითოეულ რეგიონში.


მოსმენის დაწყებამდე რომუალდს რაჟუკსმა განაცხადა, რომ მისი საქმიანობა საქართველოში მიმართული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებისკენ.


თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააკონტროლებს IPAP-ის განხორციელებას“.


„ჩვენ ძალიან მკაცრ შეფასებებს გავაკეთებთ იმ სამინისტროების მიმართ, რომლებიც შეაფერხებენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხორციელებას“, დასძინა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 4 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირას საქართველოს ნატოს წარმომადგენლები ეწვევიან IPAP-ის განხორციელების შეფასების მიზნით. 


 

მსგავსი/Related

Back to top button