ახალი ამბები

აჭარის ხელმძღვანელობას მედიაზე ზეწოლასა და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობა პირველი მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დგას. 

ჟურნალისტების ჯგუფმა 3 მარტს ბათუმში საპროტესტი აქცია გამართა “მკაცრი ცენზურისა“ და ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ ტელევიზიაზე ზეწოლის წინააღმდეგ.  იმავე დღეს ადგილობრივი პარლამენტის – უზენაესი საბჭოს დეპუტატმა და მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე კლანურ მართველობასა და თანამდებობებზე საკუთარი ნათესავების დანიშვნაში დაადანაშაულა.     
 
“მკაცრი ცენზურა”
 
ბათუმის ქუჩებში ჟურნალისტების ჯგუფის საპროტესტო აქციას წინ უძღოდა 3 მარტს აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნატა იმედაიშვილის და კიდევ სამი ჟურნალისტის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის გამო წასვლა. 
 
“დანიშვნის პირველი დღიდანვე ზაზა ხალვაში [აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი] პირდაპირ ზეწოლას ახდენდა და მკაცრ ცენზურას უწესებდა საინფორმაციო გამოშვებას,“ განაცხადა ნატა იმედაიშვილმა 3 მარტს. ზაზა ხალვაში აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელად გასული წლის მაისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის და მისი ხელისუფლების წასვლის შემდეგ დაინიშნა.  
 
თუმცა, აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის უფროსსა და ჟურნალისტებს შორის არსებული “პირადი დაპირისპირება“ გახდა ამ უკანასკნელთა წასვლის მიზეზი, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ვითომდა ცენზურის დაწესებასთან.   
 
ჟურნალისტების ჯგუფის მიერ აჭარის მინისტრთა საბჭოს შენობის გარეთ გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც უარყო რაიმე კავშირი აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებთან და დაგმო ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლა. 
 
“ამის შესახებ [ჟურნალისტების სამსახურიდან წასვლის შესახებ] საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგე. ეს დაუშვებელია და ამ დღეებში შესაბამის რეაქციასაც მოვახდენთ”, განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
 
თუმცა, როგორც ადგილობრივი გაზეთის “ბათუმელების“ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი აცხადებს, მიუხედავად ლევან ვარშალომიძის მცდელობისა თავი შორს დაიჭიროს აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებისგან, თითქმის შეუძლებელია, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს მკაცრ ცენზურას ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის გარეშე უწესებდეს. 
 
“ან არადა ეს შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერი თვითცენზურა, რადგანაც იციან [აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ], რომ ხელისუფლების საქმიანობის გაკრიტიკების გამო მათ შესაძლოა თანამდებობები დაატოვებინონ, ამგვარად ისინი ზომიერი კრიტიკისგანაც იკავებენ თავს. როდესაც ჩვენმა გაზეთმა სთხოვა აჭარის ტელევიზიას გამოეყო საეთერო დრო ჟურნალისტური საგამოძიებო გადაცემისთვის, ჩვენ ძალიან უცნაური პასუხი მივიღეთ პირადად ზაზა ხალვაშისგან. მან გვითხრა: აჭარის ტელევიზიაზე არ შეიძლება გავიდეს ჟურნალისტური გამოძიება, რადგანაც ეს სახელმწიფო ტელევიზია არისო“, განუცხადა მზია ამაღლობელმა “სივილ ჯორჯიას“ 3 მარტს.
 
ხელისუფლების მიერ ტელევიზიების კონტროლის პრობლემა ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დამცავი ჯგუფებისა და თავად ჟურნალისტების შეშფოთების საგანი ხდება თბილისშიც. გაზეთი “რეზონანსი“ 28 თებერვალს წერდა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებმა მხოლოდ პოზიტიურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რადგანაც იგი ყველა წამყვან ტელევიზიას აკონტროლებს.   
 
“კლანური სისტემა“
 
ბრალდება აჭარაში “კლანური სისტემის“ შექმნის თაობაზე კიდევ ერთი დარტყმა იყო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისთვის ლევან ვარშალომიძისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ფაქტი იმიტომ, რომ ეს ბრალდება 3 მარტს გააჟღერა აჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
 
3 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მან გადასცა ლევან ვარშალომიძეს ამ უკანასკნელის ნათესავთა სია, რომელთაც აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავიათ. 
 
ეკა ხერხეულიძემ უარი განაცხადა ამ სიის საჯაროდ გამჟღავნებაზე, რომელშიც 18 პირია შესული; თუმცა დასძინა, რომ იგი დაასახელებს ამ პირთა ვინაობას, თუ აჭარის მთავრობა ორი-სამი კვირის ვადაში არ გაათავისუფლებს მათ თანამდებობებიდან. ვარშალომიძემ უარყო ბრალდება და განაცხადა, “მთავრობაში ‘ვარშალომიძის კლანი’ არ არსებობს“.


ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კიდევ ერთი ნიშანი იმ უთანხმოებისა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობაში არსებობს.
 
უთანხმოების არსებობა საჯარო გახდა გასულ კვირას როდესაც დავით ბაციკაძემ, “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა 25 თებერვალს დატოვა პარტია. მისი წასვლის წინა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტოვებენ პარტიას. დავით ბაციკაძემ, რომელიც აჭარის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და თბილისის პარტიული ოფისის ლიდერებთან უთანხმოება დაასახელა.
 
ეკა ხერხეულიძის მიერ წაყენებულმა ბრალდებებმა წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ განხეთქილება აჭარის მთავრობაშიც არსებობს, კერძოდ, ვარშალომიძესა და მის მოადგილეს კობა ხაბაზს შორის. ეს უკანასკნელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრიცაა. ეკა ხერხეულიძე კობა ხაბაზის ახლო მოკავშირედ ითვლება. თუმცა, 3 მარტს გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ორივემ, ვარშალომიძემ და ხაბაზმა უარყვეს ეს ვარაუდები და მას “უსაფძვლო“ უწოდეს.
 
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა “ღრმა კრიზისშია“. 3 მარტს ტელეკომპანის “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა “რესპუბლიკური პარტიიდან“ მურმან დუმბაძემ კრიზისის მიზეზებზე ისაუბრა. 
 
“ლევან ვარშალომიძის დანიშვნა, რომელიც ძალიან გამოუცდელი პოლიტიკოსია, აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილის უდიდესი შეცდომა იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეცდომა იმის მსგავსია, რომელიც [ზვიად] გამსახურდიამ [საქართველოს ექს-პრეზიდენტმა] დაუშვა, როდესაც [აჭარის ყოფილი ლიდერი] ასლან აბაშიძე ამ პოსტზე დანიშნა [1991 წელს]“, განაცხადა მურმან დუმბაძემ.
 
მისი თქმით, ვარშალომიძის გამოუცდელობის გამო, სამთავრობო სტრუქტურების დაკომპლექტების დროს მან ვერ შეძლო ეფექტურად გამოეყენებინა ის ადამიანური რესურსები, რომლებიც აჭარაში არსებობს. “შედეგად, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობზე, მათ შორის კონტროლის პალატაში, საბაჟო დეპარტამენტში, [ბათუმის] მერიაში მხოლოდ მისი კლანის წარმომადგენლები ან წინა [ასლან აბაშიძის] რეჟიმის დროინდელი ჩინოვნიკები არიან. გამოვიდა ისე, რომ ვარშალომიძე მთლიანად ამ ადამიანებს ეყრდნობა“, დასძინა დუმბაძემ.
 
ლევან ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გასული წლის ივლისში გახდა. აჭარის პარლამენტმა, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობასაც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეადგენენ, ვარშალომიძის კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ დაამტკიცა. პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარას გასული წლის დეკემბერში ესტუმრა და განაცხადა, რომ იგი “კმაყოფილია ლევან ვარშალომიძის მუშაობით”.

მსგავსი/Related

Back to top button