Placeholder canvas
ახალი ამბები

აჭარის ტელევიზია საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა იმედაიშვილმა დღეს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის პრეზიდენტის ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში მკაცრ ცენზურას ასახელებს.


„ბოლო სამი თვეა გარკვეული ზეწოლა ხორციელდება საინფორმაციო სამსახურზე უშუალოდ ზაზა ხალვაშის მხრიდან. ამას უფრო ერთპიროვნული ხასიათი აქვს, რადგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ უშუალოდ ხელისუფლება იძლეოდეს დირექტივებს“, განაცხადა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2“ის ეთერში ნატა იმედაიშვილმა.


ნატა იმედაიშვილის ინფორმაციით, ზაზა ხალვაში გააღიზიანა 2 მარტს საინფორმაციო გამოშვებაში ოპოზიციონერ  „ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა განცხადებამ. „ამის  შემდეგ, სხვა საინფორმაციო საშუალებებში მისი [დავითაშვილის] კომენტარი აღარ გასულა“.


ნატო იმედაიშვილი ასევე აცხადებს, რომ ზაზა ხალვაშმა მას თანადებობის დატოვება მოსთხოვა, რასაც წინ უძღოდა ორი დღის წინ მისი მეუღლის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვება. 


ეს ინფორმაცია დღესვე „რუსთავი 2“-ის ეთერით უარყო ზაზა ხალვაშის მოადგილემ ავთო გადახაბაძემ.
 
დღესვე აჭარის ტელევიზია სამმა ჟურნალისტმა დატოვა, რომლებიც ასევე საუბრობენ „ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინფორმაციების დაბლოკვაზე“. 


ზაზა ხალვაში აჭარის ტელევიზიის პრეზიდნეტად, ისევე როგორც სხვა თანამშრომლები მაისის მოვლენების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის და მისის ხელისუფლების წასვლის) შემდეგ დაინიშნენ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button