ახალი ამბები

სააკაშვილმა და ვორონინმა ერთობლივ დეკლარაციებს მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოლდაველმა კოლეგამ ვლადიმერ ვორონინმა 2 მარტს კიშინიოვში ხელი მოაწერეს ორ ერთობლივ დეკლარაციას – ერთი ეხება დემოკრატიული ღირებულებების უზენაესობას, ხოლო მეორე – სეპარატისტულ კონფლიქტებს.


ერთობლივი დეკლარაცია დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ ანალოგიურია იმ დოკუმენტისა, რომელსაც სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ იანვარში მოაწერეს ხელი და რომელიც კარპატების დეკლარაციის სახელითაა ცნობილი. კარპატების დეკლარაცია  მიესალმება „დემოკრატიზაციის მესამე ტალღას“, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობიან რევოლუციებზეა დაფუძნებული.


მეორე ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ევროპაში შავი ხვრელების წინააღმდეგაა მიმართული, ეხება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის (მოლდოვა) და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) სეპარატისტულ რეგიონებს.


„ჩვენ [საქართველოს და მოლდოვას] ბევრი მსგავსი პრობლემები გვაქვს და პირველ რიგში, ესაა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ამგვარად, ამ საკითხმა აბსოლუტური ასახვა ჰპოვა ხელმოწერილ დოკუმენტში“, განაცხადა ვლადიმერ ვორონინმა.   


„ევროპაში არ არის უკანონობის, ძალადობის და ყველაფერი იმის ადგილი, რამაც წლების განმავლობაში ჩვენ ყველა გვშთანთქა“, განაცხადა სააკაშვილმა.


არსებული ინფორმაციით, ერთობლივი დეკლარაციები ინგლისურ ენაზეა დაწერილი, განსხვავებით ყველა იმ დოკუმენტისა, რომელსაც დსთ-ის ქვეყნები აქამდე აწერდნენ ხელს და რომლებიც რუსულ ენაზეა დაწერილი.      


მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული.


„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ალიანსი შევქმნათ რუსეთის წინააღმდეგ. ეს ძალიან სულელური [გადაწყვეტილება] იქნებოდა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.; თუმცა, დასძინა, რომ საქართველო და მოლდოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და „დროა დავივიწყოთ ის ურთიერთობები, რომლებიც საბჭოთა დროს არსებობდა“.  

Back to top button