ახალი ამბები

ზურაბიშვილი სოლანას შეხვდა

საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 2 მარტს ბრიუსელში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდა.


მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაცია ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ. 


სოლანას პრეს-სამსახური იტყობინება, რომ სალომე ზურაბიშვილმა აუწყა სოლანას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის თაობაზე, ასევე მხარეთა მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 


„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო თვეებში ორი ქვეყანა კონკრეტულ შედეგს მიაღწევს. გაუმჯობესებული კლიმატი გაუადვილებს მხარეებს მოაგვარონ პრობლემატური საკითხები“, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


„საქართველოს თხოვნის საპასუხოდ, ევროკავშირი განიხილავს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საზღვარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ მიზნით, ევროკავშირი განაგრძობს მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან. თუმცა, ჯერ-ჯერობით რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. ევროკავშირი მიესალმება ეუთოს გეგმებს ქართველი მესაზღვრეების მომზადების თაობაზე“, ნათქვამია პრეს-რელიზში.


სალომე ზურაბიშვილმა და ხავიერ სოლანამ ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში კონფლიქტების მოგვარების პროცესები.

მსგავსი/Related

Back to top button