
მთავრობამ ენერგოობიექტების პრივატიზების გეგმზე მუშაობს
2 მარტის მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ მთავრობა უმეტესი სახელმწიფო ენერგოობიექტების ერთ კომპანიად გაერთიანებას გეგმავს მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით.
მისი თქმით, ამ კომპანიის პრივატიზებიდან სავარაუდოდ 200 მილიონი ლარის მიღებაა დაგეგმილი. ბენდუქიძემ აქვე დასძინა, რომ პრივატიზებიდან მიღებული თანხები ენერგოსექტორის რეაბილიტაციის პროექტებს მოხმარდება.
კახა ბენდუქიძემ ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ენგურის ჰიდროელექტროსადგური და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგური არ გაიყიდება.
გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც ამჟამად ამერიკული კომპანია PA Consulting მართავს და რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას, ასევე შევა საპრივატიზაციო ენერგოობიექტების სიაში.
თუმცა, PA Consulting, რომელიც USAID-ის კონტრაქტორი კომპანიაა საქართველოში, აცხადებს, რომ მას არ მიუღია შეტყობინება საქართველოს მთავრობისგან სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვის გეგმებთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორმა დინ ვაითმა 2 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი განაცვიფრა მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რადგანაც კომპანიის პრივატიზება გრძელვადიანი გეგმა იყო, რომელიც სულ ცოტა ორი წლის შემდეგ მაინც უნდა განხორციელებულიყო.