We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველომ და ნატომ სატრანზიტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 2 მარტს ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო სივრცის, ასევე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ნატოს სატრანზიტო მიზნებისთვის.

ალიანსის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად დაეხმარება ნატოს, კერძოდ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიის საქმიანობას ავღანეთში. იგი საშუალებას მისცემს ნატოს და ISAF-ის წევრ ქვეყნებს საქართველოს გავლით მიაწოდონ საჭირო მარაგი და აღჭურვილობა თავიანთ ძალებს ავღანეთში. 

„ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ISAF-ის მისიაში. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც გულისხმობს ნატოს სამშვიდობო მისიის მოქმედების ზონის გაფართოებას ავღანეთის დასავლეთის მიმართულებით“, ნათქვამია პრეს-რელიზში.

ISAF-ის ჯარები ავღანეთის ახალ ადმინისტრაციას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება.  ISAF-ის მისია 2003 წლის აგვისტოდან ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფება.

Back to top button