ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: სუუამ–მა დემოკრატიის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლდოვაში 2 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი სუუამის რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს. 
 
ბეჟუაშვილის თქმით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი რევოლუციების შემდეგ უნდა შეიცვალოს სუუამის როლი და მან ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში.
 
სუუამის აღორძინების საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც შეეხო. სააკაშვილი უკრაინას მარტის შუა რიცხვებში ეწვევა.
 
არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას აერთიანებდა 1997 წელს შეიქმნა. მოგვიანებით, 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთიც შეუერთდა.

მოლდოვას ახლანდელი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ორგანიზაციამ პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა, რადგანაც როგორც უზბეკეთმა, ასევე კუჩმას დროინდელმა უკრაინამ ინტერესი დაკარგა ორგანიზაციის მიმართ.

Back to top button