ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანთა უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ადამიანთა უფლებების დაცვის სფერო კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ცალკეული გაუმჯობესებები დაფიქსირდა ზოგიერთ სფეროში,“.
 
„არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ პოლიციის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება, ზოგიერთ სფეროში გაუარესებაც კი შეინიშნება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები განაგრძობენ დაკავებულთა წამებას, ცემას და შეურაცხყოფას. კორუფციის მასშტაბები შემცირდა, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს. თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, ისევე როგორც ანგარიშგების ნაკლებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სასამართლო სისტემას არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება და პროკურატურა განაგრძობს ზემოქმედებას მოსამართლეებზე. სასამართლო პროცესები ხშირად იწელება, რის შედეგადაც ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა პრობლემას წარმოადგენს“, ნათქვამია ანგარიშში.
 
„სამართალდამცავი ორგანოები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები პერიოდულად არღვევდნენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. პრესა ზოგადად დამოუკიდებელი იყო, თუმცა ჟურნალისტებს თვითცენზურის პირობებში უწევდათ მუშაობა, წლის დასაწყისში [2004] უშიშროების ძალებმა დაარბიეს რამდენიმე მშვიდობიანი აქცია და მონაწილეები წინასწარი დაკავების საკნებში მოათავსეს. მაშინ როცა ძალადობა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ შემცირდა, სახელმწიფო მოხელეები განაგრძობდნენ რელიგიური უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის დისკრიმინაციას და დევნას. ძალადობა ქალების წინააღმდეგ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე პრობლემას წარმოადგენდა ტრეფიკინგი შრომისა და სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით“.

Back to top button