ახალი ამბები

ხაინდრავა: ანქვაბზე თავდასხმა მის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე 28 თებერვალს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ეს თავდასმა ანქვაბის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.


“ყველას კარგად გვახსოვს ანქვაბის მუქარები და მკაცრი ტონი არძინბას კლანის მიმართ, რაც ბევრისთვის მიუღებელი იყო“, განაცხადა 1 მარტს “რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში გოგა ხაინდრავამ.


მისი თქმით, თავდასხმის ორგანიზატორ გარე ძალებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ გულისხმობს საქართველოს, “ვინაიდან მათ არასოდეს ექმნებათ უხერხულობა, რომ საქართველოს პირდაპირ დასდონ ბრალი“, დასძენს ხაინდრავა.


მისი ვარაუდით, შესაძლოა ანქვაბზე თავდასხმა ორგანიზებული იყოს იმ გარე ძალების მიერ, რომელთა საკუთრებასაც საფრთხე ემუქრება აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში. ამასთან, ხაინდრავა აღნიშნავს, რომ თბილისი აფხაზური მოვლენების შესახებ ინფორმაციულ დეფიციტს “ნამდვილად არ განიცდის”.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მასზე განხორციელებულ თავდასხმას შემთხვევით გადაურჩა, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

მსგავსი/Related

Back to top button