
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის მანქანას 28 თებერვალს ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.
აფხაზეთის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ამქვაბი შემთხვევით გადაურჩა თავდასხმას, რადგანაც იგი ინციდენტის დროს ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას მანქანაში იჯდა და არა საკუთარში.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მანქანას 17 ტყვია ესროლეს.
გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 14 თებერვალს დანიშნა.
მანამდე ანქვაბს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. იგი სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე და პოლიტიკური პარტია “აიტარას” ლიდერია.