
ნოღაიდელი და ტიმოშენკო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე თანხმდებიან
28 თებერვალს კიევში ერთობლივი ქართულ–უკრაინული მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომაზე ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა იულია ტიმოშენკომ და ზურაბ ნოაღაიდელმა ხელი მოაწერეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ოქმის პროექტს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის 60 მიმართულებას მოიცავს.
“ეს ძალიან სერიოზული დოკუმენტია, რომელიც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობაში ახალი ეტაპის დემონტრირებას ნიშნავს“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იულია ტიმოშენკომ.
უკრაინის პრემიერის განცხადებით, ოქმის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ორ ქვეყანას შორის საბორნე–ენერგეტიკული კავშირების განახლება, თუმცა ეს საკითხები საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს გადაწყდება, რომელიც მარტში იგეგმება.
ზურაბ ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად განვითარდება და უკრაინელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისაკენ მოუწოდა.
ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ–მინისტრის რანგში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სამთავრობო დელეგაციის თანხლებით უკრაინაში მართავს, სადაც იგი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს და მთავრობის წევრებს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უკრაინას ორდღიანი ვიზიტით 27 თებერვალს ეწვია.