
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 25-26 თებერვალს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
“მოლაპარაკებების დროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი იქნა განხილული. რუსეთი, როგორც შუამავალი [მოლაპარაკებებზე] მხარს უჭერს აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობის მცდელობას აღადგინოს სამშვიდობო პროცესი არსებული მექანიზმების ფარგლებში, რომელთა მიზანიცაა სოჭის შეთანხმების შესრულება“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
2003 წელს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეთანხმდნენ აფხაზეთის გავლით ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პარალელურად ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე. სოჭის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას.