ახალი ამბები

მოსკოვი მიიჩნევს, რომ “შანტაჟი და მუქარა” ბაზების გაყვანას ხელს არ შეუწყობს

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ “შანტაჟი და მუქარა” არ შეუწყობს ხელს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებისა და პირობების განსაზღვრას. “ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით”, იუწყება 26 თებერვალს სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.


მოსკოვის ეს რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი უახლოეს თვეებში არ მიიღწევა შეთანხმება რუსულ მხარესთან ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, თბილისმა შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები კანონგარეშედ გამოაცხადოს.


18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს.


“მოსკოვმა და თბილისმა ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც რეგულარულ კონსულტაციებს გამართავენ ამ [ბაზების გაყვანის] პრობლემასთან დაკავშირებით”, იუწყება “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

Back to top button