
მთავრობა ენერგოკრიზისის დაძლევის ორწლიან პროგრამას იწყებს
25 თებერვალს გვიან პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის განხილვის მიზნით მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. ამჟამად, მხოლოდ თბილისშია ოცდაოთხსაათიანი ელექტრომომარაგება, მაშინ როცა ქვეყნის სხვა რეგიონებსა და ქალაქებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
“ეს [ენერგო] კრიზისი ჩვენ [ახლანდელ ხელისუფლებას] არ დაგვიწყია, თუმცა ჩვენ უნდა დავამთავროთ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
“ენერგოკრიზისის მოგვარება მთავრობის მთავარ პრიორიტეტად მიმაჩნია“, დასძინა მან.
ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც ბოლო დროს მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, არსებული ენერგოკრიზისის მოგვარების ორწლიანი პროგრამა წარადგინა.
მისი თქმით, პროგრამაში ორი პრიორიტეტია განსაზღვრული, რომელთა მიღწევაც მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი: ენერგომომარაგების უსაფრთხოება და ენერგოსექტორის რენტაბელურობა.
“ენერგომომარაგების უსაფრთხოება გულისხმობს ელექტროენერგიის მომარაგების დივერსიფიკაციას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი მხოლოდ ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე, ერთ ელექტროსადგურზე“, აღნიშნა მან.
“მეორე პრიორიტეტია ენერგოსექტორის რენტაბელურობა. ენერგოსექტორი არ უნდა იყოს დამოკიდებული დონორ ორგანიზაციებზე და დონორი ქვეყნების დახმარებაზე; ის არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებზე“, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
გილაურის თქმით, საქართველოს ენერგოდეფიციტი 200-300 მეგავატს შეადგენს.
“მაშინაც კი, როცა ელექტროენერგიის წარმოების გაზტურბინა დაიწყებს მუშაობას, ჩვენ მაინც დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება“, დასძინა გილაურმა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველო 350-400 მეგავატ ელექტროენერგიას რუსეთიდან, ხოლო დაახლოებით 200 მეგავატს სომხეთიდან იღებს იმპორტის სახით.
როცა პრეზიდენტმა ჰკითხა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ელექტროენერგიის იმპორტის გასაზრდელად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, გილაურმა განაცხადა, “სომხეთიდან იმპორტის გაზრდა ძალიან რთული იქნება ელექტროგადამცემი ხაზების შეზღუდული სიმძლავრეების გამო“.
“აზერბაიჯანიდან შეგვიძლია გავზარდოთ იმპორტი 80 მეგავატით“, დასძინა მან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს თავად გააკონტროლოს ორწლიანი პროგრამის განხორციელება.
“თუ ვერ შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას, პასუხისმგებელნი ჩვენ ვიქნებით წარუმატებლობაზე“, აღნიშნა სააკაშვილმა.
“ქვეყანაში არსებული სიმძლავრეებით, შეუძლებელია საქართველოს ოცდაოთხსაათიანი მომარაგების უზრუნველყოფა“, განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პრივატიზაციიდან მიღებული სახსრები ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას მოხმარდება. “დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება დაგვჭირდება ენერგოსექტორში“, დასძინა სააკაშვილმა.