
გაზსადენის გაყიდვაზე თბილისს გადაწყვეტილება არ მიუღია
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ მთავრობა “განიხილავს ყველა შესაძლო კომერციულ წინადადებას“.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიურ გაზეთ “ლა სტამპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე. ეს განცხადება ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
“ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, ვერ გამიგია ასეთი ხმაური განხილვების მიზეზი, რომლებიც გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს გააკეთებს, რაც გამოიწვევს [ქვეყნის] მონოპოლისტზე დამოკიდებულებას და ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამის [გაზსადენის პრივატიზების] თაობაზე . თუმცა, რა თქმა უნდა ყველა შესაძლო კომერციულ წინადადებას განვიხილავთ, თუმცა ეს განხილვები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული“, დასძინა მან.