
წამების საკითხებში გაეროს ექსპერტი საქართველოში ვიზიტს აჯამებს
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში მანფრედ ნოვაკმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მოწვევით 19-25 თებერვალს საქართველოში შექმნილ ვითარებას ეცნობოდა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველთა მხრიდან წამებისა და სასტიკი მოპყრობის “მტკიცებულობებით გამაგრებული” ფაქტები კვლავ არსებობს, “თუმცა [საქართველოს] ხელისუფლების მხრიდან არსებობს ნება და დაპირება, იმისა, რომ ეს ფაქტები აღმოიფხვრება”.
“სამწუხაროდ, წინასწარი პატიმრობა საქართველოში ნორმაა და არა გამონაკლისი შემთხვევა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაში მოდის… რაც ასევე წარმოშობს ციხეების პატიმრებით გადატვირთვის პრობლემას”, განაცხადა მანფრედ ნოვაკმა.
მან დადებითად შეაფასა საქართველოს ომბუდსმენის ოფისისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივა, წინასწარი დაკავების საკნებსა და საპრყრობილეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების თაობაზე, “რამაც თავისი შედეგები უკვე გამოიღო”.
მანფრედ ნოვაკი მიმდინარე წლის აპრილში წინასწარ შეფასებებს წარუდგენს როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ისე საქართველოს ხელისუფლებას, სადაც შემდეგი რეკომენდაციები აისახება: განხორციელდეს წამების შესახებ გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რომლის საფუძველზეც შეიქნება მონიტორინგის დამოუკიდებელი კომისიები; სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება; წამებაში ეჭვმიტანილთა დაუსჯელობის აღმოფხვრა; წინასწარი დაკავების სისტემაში ცვლილებები და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის აქტიური თანამშრომლობა.
გაეროს ექსპერტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ომბუდსმენსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასევე ადგილზე მოინახულა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და წინასწარი დაკავების საკნები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.