ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრმა ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც ასევე კურირებს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და პარლამენტარებს კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია გააცნო. მან აღნიშნა, რომ ვითარება იქ შედარებით მშვიდია, თუმცა დასძინა, რომ დემილიტარიზაციის პროცესი კონფლიქტის ზონაში ამჟამად შეჩერებულია.
 
იანვარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ თბილისის სამშვიდობო გეგმა გააჟღერა. იანვარშივე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს – ვენეციის კომისიის ექსპერტები ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის სტატუსის შემუშავების პროცესში ჩაერთვნენ.  
 
თუმცა, ადგილზე, კონფლიქტის ზონაში, სიტუაცია პრაქტიკულად გაყინულია.  24 თებერვალს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი, რომლის განხორციელებაც გასული წლის 5 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითსა და საქართველოს გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შორის სოჭში მიღწეული შეთანხმებით არის გათვალისწინებული,   შეჩერებულია. 
 
“დემილიტარიზაციის პროცესში გარკვეული პაუზაა, რადგან [კონფლიქტის] მხარეები ელიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ როგორი იქნება რუსეთ -საქართველოს ურთიერთობები, როგორი იქნება დასავლეთის ქვეყნების პოზიცია და რა შედეგებით დასრულდება ჩვენსა და რუსეთს შორის გარკვეულ საკითხებზე არსებული უთანხმოება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ვითარებას სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთის მხარე არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რუსეთთან კონსულტაციების გარეშე ”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
სავარაუდოდ არსებული “პაუზა“ სულ ცოტა ორი თვის მანძილზე გაგრძელდება. 18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს, მოსკოვი და თბილისი შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მთელი რიგი საკითხების, მათ შორის კონფლიქტის დარეგულირების პრობლემის, მოსაგვარებლად. სამუშაო ჯგუფებმა უნდა მოამზადონ კონკრეტული წინადადებები მომდევნო ორი თვის განმავლობაში და წარუდგინონ ისინი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს განსახილველად.
 
გოგა ხაინდრავამ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს სროლები აღარ ისმის, თუმცა იარაღის შეტანა თვითგამოცხადებულ რეგიონში კვლავ გრძელდება. მისი თქმით, როკის გვირაბი, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს და რომლის მეშვეობითაც ხდება რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში იარაღის შემოტანა, “შავ ხვრელად“ რჩება.
 
ხაინდრავას თქმით, არსებობს შეთანხმებები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომლებსაც დაინტერესებულმა მხარეებმა გასულ წლებში მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებების თანახმად, ქართულ მხარეს, ოსური და რუსული მხარეების მონაწილეობით აქვს უფლება მონიტორინგი განახორციელოს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრის პერიმეტრზე. 
 
“ჩვენ ამ შეთანხმებების განხორციელების თვალსაზრისით უდიდეს წინააღმდეგობას ვხვდებით სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მხრიდან. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური მომენტია ის, რომ ჩვენ სულ ცოტა ის მაინც შევძელით, რომ ეს შეთანხმებები წამოვწიეთ”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 
 
“არ მინდა შევქმნა იმის ილუზია, რომ მალე ჩვენი მებაჟეები როკის გვირაბთან დადგებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ [ამ შეთანხმებების რეალურად ამოქმედების შემთხვევაში], რომ იმას მაინც მივაღწევთ, რომ ქართული მხარე, რუსებთან და ოსებთან ერთად მონიტორინგს მაინც განახორციელებს [როკის გვირაბზე]“, დასძინა მან.
 
გოგა ხაინდრავამ ასევე განაცხადა სამხრეთ ოსეთთან არსებულ შეთანხმებებზე საუბრისას, რომ ქართულმა მხარემაც უნდა შეასრულოს ამ შეთანხმებების დებულებები. მისი თქმით, ქართული მხარე ცალკეულ შემთხვევებში არღვევს შეთანხმებების იმ ნაწილს, რომელიც კრძალავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი, არასამშვიდობო ძალების განლაგებას.
 
“მაგალითად, კონფლიქტის ზონის სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის გახსნა არის [1992 წლის სამშვიდობო შეთანხმების] დარღვევა”, განაცხადა ხაინდრავამ.
 
ძევერის რეზერვისტთა ბანაკი, რომელიც ცხინვალიდან 10 კმ-ის დაშორებით არის განლაგებული, გასული წლის ნოემბერში შეიქმნა.  1992 წლის შეთანხმების მიხედვით მხოლოდ ერთობლივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებაა დაშვებული კონფლიქტის ზონაში. ამავე შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონად ითვლება ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია. 
 
”ამ ტიპის დარღვევები პრობლემებს გვიქმნის… როცა ეუთოს დამკვირვებლებს არ უშვებენ ძევერის ბანაკში მონიტორინგის განსახორციელებლად, ამის შესახებ ანგარიშები იწერება და მაშინვე ვენაში [ეუთოს შტაბბინაში] იგზავნება”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
მისი თქმით, თუ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ შეთანხმებებში ცალკეული პუნქტები თბილისის ინტერესებს ეწინააღმდეგება, “მაშინ მათი ანულირება უნდა დავიწყოთ”.
 
“მაგრამ, სანამ ეს შეთანხმებები ძალაშია, ჩვენ უნდა დავიცვათ მათი მოთხოვნები”, განაცხადა ხაინდრავამ.

Back to top button