ახალი ამბები

ოფიციოზი უარყოფს ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ

ოფიციალურმა პირებმა 25 თებერვალს უარყვეს ინფორმაცია ახლო მომავალში მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. ქართულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრების პოსტების გაუქმება.


“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.


თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, 25 თებერვალს ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ “მაქსიმუმ ორ თვეში პრემიერ-მინისტრი [ზურაბ ნოღაიდელი] გეგმავს მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმის წარდგენას“.


“ეს მან [პრემიერ-მინისტრმა] პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან [ნაციონალური მოძრაობის მმართველი ორგანო] შეხვედრის დროს გვითხრა“, განაცხადა მაჭავარიანმა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


ამჟამად, მთავრობაში ოთხი სახელმწიფო მინისტრია: კახა ბენდუქიძე, რომელიც ეკონომიკურ რეფორმებს კურირებს, ზინაიდა ბესტაევა – სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე – საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და გოგა ხაინდრავა – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.         

მსგავსი/Related

Back to top button