
ხაინდრავა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების დაცვის საჭიროებაზე საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული მხარე ცალკეულ შემთხვევებში არღვევს შეთანხმებების იმ ნაწილს, რომელიც კრძალავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების განლაგებას.
“მაგალითად, კონფლიქტის ზონის სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის გახსნა, დარღვევაა”, განაცხადა ხაინდრავამ.
ძევერის რეზერვისტთა ბანაკი, რომელიც ცხინვალიდან 10 კმ-ის დაშორებით არის განლაგებული, გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. 1992 წლის შეთანხმების მიხედვით მხოლოდ ერთობლივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებაა დაშვებული კონფლიქტის ზონაში. შეთანხმების მიხედვით ასევე განსაზღვრულია კონფლიქტის ზონის გეოგრაფია, რომელიც ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსით დაშორებულ ტერიტორიას მოიცავს.
”ამ ტიპის დარღვევები პრობლემებს გვიქმნის. როცა ეუთოს დამკვირვებლებს არ უშვებენ ძევერის ბანაკში, ამის შესახებ ანგარიშები იწერება და ვენაში [ეუთოს შტაბბინაში] იგზავნება”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელმაც დეპუტატების მოთხოვნით ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაცია მიმოიხილა.
მისი თქმით, თუ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ შეთანხმებებში ცალკეული პუნქტები თბილისის ინტერესებს ეწინააღმდეგება, “მაშინ მათი ანულირება უნდა დავიწყოთ .”
“მაგრამ, სანამ ეს შეთანხმებები ძალაშია, ჩვენ უნდა დაცივცათ მათი მოთხოვნები”, განაცხადა ხაინდრავამ.