
ხაინდრავა: ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაცია შეჩერებულია
დღეს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი, რომლის განხორციელებაც გასული წლის 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმებით არის გათვალისწინებული, “პრაქტიკულად შეჩერებულია”.
“დემილიტარიზაციის ეს პაუზა განაპირობა ამ ეტაპზე მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირების არარსებობამ, რადგან [კონფლიქტის] მონაწილეები ელიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსეთ -საქართველოს ურთიერთობებში”, განუცხადა გოგა ხაინდრავამ დეპუტატებს.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს სროლები აღარ ისმის და “ამ ეტაპზე სამხედრო დაპირისპირების მწვავე მოტივაციაც” არ არსებობს, თუმცა “პოლიტიკური თვალსაზრისით [ქართულ და ოსურ მხარეების] პოზიციების დაახლოებაზე ლაპარაკი ნაადრევია”.
სახელმწიფო მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის განახევრების თაობაზე, თუმცა დასძენს, რომ თბილისისთვის 500 კაციანი სამშვიდობო კონტიგენტის სრულად შევსება “თვითმიზანი არ არის”.
“თუ სიტუაცია გამწვავდება ქვოტა შეივსება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ფუნქციონირებს იმავე ოდენობის საგუშაგოები, რაც ადრე იყო”, დასძენს ხაინდრავა.
შეთანხმების თანახმად, თითოეულ მხარეს – ქართულს, ოსურს და რუსულს – შერეული სამშვიდობო ძალების ეგიდით კონფლიქტის ზონაში 500 სამხედროს განლაგების უფლება აქვთ.