ახალი ამბები

ბაღაფში უარყოფს ხაჯიმბასთან განხეთქილებას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 24 თებერვალს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამ ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან უთანხმოება გამოიწვია.


“სახალხო ერთობის ფორუმის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ბაღაფშმა უარი თქვა რაულ ხაჯიმბას მიერ თავდაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტებზე წარდგენილ კანდიდატურებზე. ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკას ვიცე-პრეზიდენტი კურირებს.


“რაულ ხაჯიმბასთან არანაირი პრობლემა არ არსებობს მთავრობის ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით “, განუცხადა ბაღაფშმა “რია ნოვოსტის“ და თან დასძინა, რომ “სახალხო ერთობის ფორუმი“ ამგვარი განცხადებებით სიტუაციას ძაბავს რეგიონში.   


 

Back to top button