ახალი ამბები

ბუში მიესალმება საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებს

24 თებერვალს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დადებითად შეაფასა საქართველოს “ვარდების რევოლუცია” და უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუცია“, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენები თავისუფლების ისტორიაში.    


ბუშმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ ბრატისლავას მოედანზე სლოვაკებს სიტყვით მიმართა.


“ბოლო დროს ჩვენ თავისუფლების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმენი გავხდით – ვარდების რევოლუცია საქართველოში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში და ახლა მეწამური რევოლუცია ერაყში“, განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.


“ჩვენ თანაბრად უნდა ვიყოთ მიზანდასახულნი და მომთმენნი . თავისუფლების განმტკიცება თაობათა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თითქმის ათწლეული დასჭირდა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ [1989 წელს, რასაც კომუნიზმის დამარცხება მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში], რათა დემოკრატიას ფეხი მოეკიდა ქვეყანაში. დემოკრატიული რევოლუციების ტალღამ, რომელთაც რეგიონს 15 წლის წინ გადაუარეს, ახლა საქართველოსა და უკრაინაში მოაღწია. 10 დღეში მოლდოვას ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს თავისი დემოკრატიული მისწრაფებები ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შემდეგ. და ისიც გარდაუვალია, რომ ბელარუსი ხალხი ოდესმე სიამაყით გახდება დემოკრატიული ქვეყანა“, დასძინა მან.


“თუმცა, ამ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევა არ იქნება ადვილი და სწრაფი, მაგრამ იმედის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ერაყელებმა გამოავლინეს თავიანთი სიმამაცე და მიზანდასახულობა ეცხოვრათ თავისუფალ ქვეყანაში და ამან შთააგონა მსოფლიო. იმავე მიზანდასახულობა შეიმჩნეოდა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე და თბილისის თავისუფლების მოედანზე“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

Back to top button