ახალი ამბები

ოპოზიცია ბაღაფშს ხაჯიმბასთან მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

“სახალხო ერთობის ფორუმი“, რომელიც ოპოზიციურ პარტიათა ჯგუფს აერთიანებს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. 


აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეთანხმების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა 26 თებერვლამდე უნდა წარადგინოს თავდაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურები, ასევე საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები. განცხადებას წინ უძღოდა გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უარი თქვა ხაჯიმბას მიერ წარდგენილ რამდენიმე კანდიდატურაზე.


განცხადების ავტორები, რომელთა შორისაც არიან პოლიტიკური მოძრაობა “აიდგილარას“ ლიდერები, ასევე რუსეთის პოლიტიკური პარტიების “როდინასა“ და “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ აფხაზეთის ფილიალები, ახსენებენ ბაღაფშს, რომ შეთანხმება დე ფაქტო პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი მონაწილეობით იქნა მიღწეული და მაღალი შეფასება მიეცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან. განცხადება ასევე შეიცავს გაფრთხილებას მოსალოდნელი “კრიზისისა და განხეთქილების” თაობაზე.


2004 წლის 6 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა ბაღაფში ხელი მოეწერა ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებას კრემლის ფავორიტ კანდიდატთან რაულ ხაჯიმბასთან. შეთანხმებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ აფხაზეთის საზღვრის ჩაკეტვა, რამაც აფხაზეთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

Back to top button