
ნინო ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ქართველ პარლამენტართა დელეგაცია ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დელეგაცია დააყენებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიის შეწყვეტის საკითხსა და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს, რომელიც 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
“ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების ფაქტობრივი შეწყვეტისთანავე, იმატა რუსეთის ბრალდებებმა საქართველოს მისამართით”, განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ბურჯანაძემ.
მოსკოვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო გასული წლის დეკემბერში დაადო.