ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში გია გეწაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა უცნობია დააკმაყოფილა თუ არა პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.


გავრცელებული ცნობით, გეწაძის თანამდებობიდან წასვლა განაპირობა 13 თებერვალს ქუთაისის წყალსადენზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებულმა ხმაურიანმა კამპანიამ და პრესაში გამოქვეყნებულმა გეწაძის მაკომპრომეტირებელმა ფოტოებმა.

24 თებერვალს გაზეთ “24 საათის” ცნობით, ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გუბერნატორის მიერ პრეზიდენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია “გაზვიადებული” იყო, რისთვისაც გეწაძემ პრეზიდენტის საყვედური დაიმსახურა.

ქუთაისის წყლით მომარაგების პროცესში ხელისუფლებამ  მაღალჩინოსნებთან ერთად რეზერვისტთა ბატალიონებიც ჩართო და გარკვეულწილად, შეეცადა რეზერვისტთა ძალების დანიშნულების დემონსტრირებას. “24 საათის” ცნობით, ამ უპრეცედენტო ზრუნვამ “სახტად დატოვა” ქუთაისის მოსახლეობა, რომლისთვისაც წყლის პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში უცხო არ არის.

გაზეთი უკვე ასახელებს გეწაძის შესაძლო შემცვლელებს – შს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს ბიძინა ბრეგაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით კირკიტაძეს.

იმერეთის რწმუნებულის სახელმა შარშან ოქტომბერში “გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასთან” უთანხმოების დროსაც გაიჟღერა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გია გეწაძემ ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა გუბერნატორმა ეს ბრალდება უპასუხოდ დატოვა.


გეწაძე იმერეთის გუბერნატორად 28 სექტემბერს პრეზიდენტის ბრაძანებულების საფუძველზე დაინიშნა. მანამდე იგი შს მინისტრის მოადგილე, ხოლო უფრო ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.

Back to top button