ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 181 ხმით 2-ის წინააღმდეგ მესამე, უკანასკნელი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპუტატების რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირებას ითვალისწინებს.


მიღებული გადაწყვეტილებით, მომავალ პარლამენტში 100 პროპორციული წესით, ხოლო 50 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.


ეს კონსტიტუციური ცვლილება ამოქმედდება საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მიღებასთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის საფუძვლებს.


ამასთან, კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლითაც შემცირდა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის სავალდებულო ქვედა ზღვარი. კერძოდ,  ნაცვლად ათისა, “ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები”.


დეპუტატების რაოდენობის 150-მდე შემცირებას 2003 წლის 2 ნოემბერს გამართულ რეფერენდუმზე 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 

Back to top button