ახალი ამბები

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებს

მიმდინარე სასესიო კვირაში 22-25 თებერვალს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დეპუტატთა რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ცვილებებს დეპუტატებმა პირველი მოსმენით 17 თებერვალს დაუჭირეს მხარი.


ასევე დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კოტე კუბლაშვილის კანდიდატურის განხილვა, რომლის დამტკიცებასაც, სავარაუდოდ, პრობლემები არ შეექმნება პარლამენტში.


23 თებერვალს პარლამენტი გეგმავს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ ინიცირებული “დედაქალაქის-თბილისის” შესახებ კანონპროეტის განხილვას, რომელიც თბილისის მერის არაპირდაპირი წესით, საკრებულოს მიერ არჩევას ითვალისწინებს. ამასთან, განიხილება “მემარჯვენე ოპოზიციის” ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მერი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს.


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი დაჩქარებული წესით ითხოვს პროფკავშირებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვას. ერთი მათგანი პროფკავშირების ხელახალი რეგისტრაციის წესს, ხოლო მეორე კი პროფკავშირების ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას ითვალისწინებს. პროფკავშირების ხელმძღვანელობამ 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა კუთვნილი ქონების 90% სახელმწიფოს გადასცეს.


ასევე პარლამენტი რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უფლებამოსილებას მოუხსნის საქართველოს უკვე მოქმედ ფინანსთა მინისტრს ვალერი ჩეჩელაშვილს.

მსგავსი/Related

Back to top button