ახალი ამბები

ახალ წესებს სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების შეშფოთება მოჰყვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტებს ეკრძალებათ თავისუფლად გადაადგილება სახელმწიფო კანცელარიის შენობაში.


დღემდე, ჟურნალისტები სახელმწიფო კანცელარიის შესასვლელში და ლიფტის წინ ელოდებოდნენ სახელმწიფო მოხელეებს, რათა მათგან კომენტარები მიეღოთ.  


პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას თქმით, ამიერიდან ჟურნალისტებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მხოლოდ მესამე სართულზე ექნებათ, სადაც განთავსებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი.


გაგლოევას განცხადებით, პრეზიდენტის და მთავრობის პრეს-სპიკერები მიაწვდიან ინფორმაციას ჟურნალისტებს. მან აქვე დასძინა, რომ მინისტრები კომენტარს მხოლოდ “სერიოზულ საკითხებთან“ დაკავშირებით გააკეთებენ.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ ახალი წესები არ ისახავს მიზნად ინფორმაციის მიღების შეზღუდვას. “თქვენ გექნებათ ყველა [საჭირო] პირობა ინფორმაციის მისაღებად და [მთავრობის] სამუშაო პროცესიც უფრო გამჭირვალე გახდება. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ცივილიზებული გახდება“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესი“.     


 

Back to top button