
ბაღაფში: თბილისთან მოლაპარაკებები ეკონომიკური საკითხებით უნდა დაიწყოს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, თბილისთან მოლაპარაკებები ეკონომიკური საკითხებით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, “თუ მოლაპარაკებების პროცესს პოლიტიკური საკითხებით დავიწყებთ, ვერაფერს მივაღწევთ”.
“მთავარია, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც უნდა დაეყრდნოს სოჭში [2003 წელს] აღებული ვალდებულებების შესრულებას, დევნილთა პრობლემის ჩათვლით“, აცხადებს სააგენტო “რია ნოვოსტი“ 19 თებერვალს სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სოჭში 2003 წლის 7 მარტს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით აფხაზეთის გავლით თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დევნილთა დაბრუნების სინქრონულად უნდა მოხდეს.
თბილისთან დიალოგის განახლების შემთხვევაში, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, პრიორიტეტი უნდა გახდეს ენერგეტიკული საკითხები და ასევე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, “რომელიც მომგებანია არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოა საქართველოსთვის და სომხეთისთვის”, დასძინა ბაღაფშმა.