skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოტე კუბლაშვილის კანდიდატურა 19 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა. იგი კოტე კემულარიას შეცვლის, რომელიც მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად იუსტიციის მინისტრი გახდა.


ახალი კანდიდატის წარდგენისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ კუბლაშვილი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა.


პროფესიით იურისტი კოტე კუბლაშვილი ამჟამად საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ფონდს ხელმძღვანელობს. ფონდი, რომელიც გასულ წელს უცხოური და კერძო დაფინანსებით შეიქმნა, ახორციელებს საქართველოს მაღალი რანგის მოხელეთა სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფას.


კოტე კუბლაშვილი 2001 წელს სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.


“იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ჩემს კანდიდატურას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელშიც არ იქნებიან კორუმპირებული მოსამართლეები“, განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო არსოდეს ჩაერევა სასამართლო სისტემაში.   


 

მსგავსი/Related

Back to top button