ახალი ამბები

პარლამენტარები თბილისის მერის არჩევითობაზე მსჯელობენ

18 თებერვალს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა “დედაქალაქის-თბილისის შესახებ” უმრავლესობისა და ოპოზიციის ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რომლებიც თბილისის მერის არჩევითობის სხვადასხვა ფორმებს ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობით თბილისის მერს პრეზიდენტი ნიშნავს.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ მომზადებული კანონპროექტი დედაქალაქის მერის არაპირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. კერძოდ, პროპორციული წესით არჩეული საკრებულო, რომლის რიცხოვნობა 49-დან 25 წევრამდე მცირდება, თავის რიგებიდან აირჩევს ქალაქის მერს.

ამასთან, საკრებულოს მერის არჩევიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ ექნება, თუმცა შემდგომში საკრებულოს შეეძლება მერის იმპიჩმენტის უფლებით ისარგებლოს. კანონპროექტით, ასევე უქმდება პრემიერის პოსტი.


“ეს მოდელი თბილისის მოსახლეობას მერის არჩევის საშულებას აძლევს”, აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი გიგა ბოკერია.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ 2006 წლიდან ქალაქის მერების დანიშვნა არჩევითობის პრინციპით შეიცვლება. “პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, მაგრამ უნდა მოხდეს მერების არჩევა”, დასძინა პრეზიდენტმა.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია მილიონნახევარი თბილისელის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის, რომელიც პრეზიდენტთან კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ფიგურა იქნება.


“მემარჯვენე ოპოზიციის – მრეწველები, ახლების” ალტერნატიული კანონპროექტი თბილისის მერის პირდაპირი წესით, საკრებულოს ჩარევის გარეშე, არჩევას ითვალისწინებს.


“თბილისელები არიან იმის ღირსნი, რომ თავად აირჩიონ მერი და ნუ შეგვეშინდება ამის”, განაცხადა 18 თებერვალს საკომიტეტო მოსმენაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.


სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში “დედაქალაქის-თბილისის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის პლენარული სხდომა განიხილავს და მიიღებს. თუმცა ეს პროცესი დებატებს ვერ ასცდება. 


ახალი კანონის მიღების საჭიროება მას შემდეგაც გაჩნდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 16 თებერვალს დადებითად გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის სარჩელი თბილისის და ფოთის მერების არჩევითობის შესახებ, რითაც მოქმედი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო.


ამას გარდა საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ოქტომბერში ერთხმად დაუჭირა მხარი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც მერების არჩევითობაა. საქართველომ საკუთარი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში უნდა მოიყვანოს რატიფიცირებულ დოკუმენტთან.

Back to top button