ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი მოლაპარაკებათა გეგმაზე თანხმდებიან







ლავროვი: ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩნდა.
საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კომპლექსურად მიუდგნენ და ინტენსიურად იმუშაონ იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ორ ქვეყანას შორის არსებობს.  ამის შესახებ 18 თებერვალს თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სალომე ზურაბიშვილმა და სერგეი ლავროვმა განაცხადეს. 
 
ორივე მინისტრმა გამოყო ის ექვს საკითხი, რომელთაც ექსპერტთა ჯგუფები მომდევნო ორი თვის განმავლობაში განიხილავენ. ესენია:


• ჩარჩო ხელშეკრულება;
• საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადები;
• ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა;
• რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
• კონფლიქტების მოგვარების საკითხები;
• სავიზო რეჟიმის გამარტივება.


“ჩვენ ორი თვის შემდეგ მოვახსენებთ ჩვენს პრეზიდენტებს შესრულებული სამუშაოების შედეგებს, შემდეგ 9 მაისს (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლის იუბიელსთან დაკავშირებით) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა მოსკოვს და შეხვდება [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმერ] პუტინს, თუ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ისე განვითარდა, როგორც ეს ორივე მხარეს სურს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


“ჩემი შეფასებით დღევანდელი ვიზიტი იყო ძალიან სერიოზული და ღია.. მხარეებს შორის ურთიერთგაგება გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. უნდა დავჯდეთ და  ექვსივე საკითხზეინტენსიურად ვიმუშაოთ. ექვსივე თანაბარი მნიშვნელობისაა”, განაცხადა პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.


“მე ვერ გეტყვით, რომ არის პროგრესი, მაგრამ არის პოლიტიკური ნება, რათა გადაიდგას ნაბიჯები. თუ ამ ექვს საკითხზე არ იქნა კონკრეტული შედეგები, მაშინ ჩვენ ვერ ვეტყვით საზოგადოებას, რომ დაიწყო ურთიერთობების ახალი ეტაპი საქართველოსა და რუსეთს შორის. ექვსივე საკითხი არის პრიორიტეტული. თუკი იქნება პროგრესი ამ საკითხებზე და მე არ ვამბობ, რომ ყველა მათგანზე  100%-იანი პროგრესი იქნება– მთლად გიჟი არ ვარ, ცოტა გიჟი კი ვარ, მაგრამ არც მთლად –  მერე უკვე ეს იქნება პრეზიდენტების შეფასების საკითხი. ორივეს [სააკაშვილი, პუტინი] სურს, რომ შედგეს ახალი ეტაპი. არ მინდა ოპტიმისტურად ან პესიმისტრად გამოვჩნდე, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე სამუშაო ორივესთვის – დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა“, დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე ვიზიტის შეფასებისას ასევე განაცხადა, “არც მე ვარ გიჟი, მაგრამ ფრთხილ ოპტიმიზმს განვიცდი“.


“დღეს ჩვენ სხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ ჩარჩო ხელშეკრულების და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები. წარმოვადგინეთ დამატებითი წინადადებები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს წინადადებები აღქმული იყო [ქართული მხარის მიერ] კონსტრუქციულად”, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორი თვის შემდეგ, გაწეული სამუშაოების შედეგები პრეზიდენტებს მოხსენდებათ.


ლავროვის თქმით, ამ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები უკვე შექმნილია და მოლაპარაკებებიც გაიმართა. მან იგულისხმა 10-11 თებერვალს თბილისში გამართული შეხვედრები რუსულ და ქართულ დელეგაციებს შორის, რომლებიც ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო საკითხებს ეხებოდა და რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.


სერგეი ლავროვმა მადლობა მოუხადა საქართველოს ხელისუფლებას “გულთბილი მასპინძლობისთვის“ და ქართველი კოლეგა მოსკოვში დაპატიჟა.


პრესკონფერენციაზე ორივე მინისტრს კიდევ ერთხელ მოუხდათ კომენტარის გააკეთება იმ დიპლომატიურ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ლავროვის ვიზიტს უსწრებდა წინ. როგორც ცნობილია სერგეი ლავროვმა უარი განაცხადა გვირგვინით შეემკო საქართველოს ტერიტროიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, რის გამოც მისი ვიზიტის სტატუსი ქართულმა მხარემ ოფიციალურიდან სამუშაო ვიზიტამდე დააქვეითა.


“ქართული საზოგადოებისთვის ეს მეტად მნიშიშვნელოვანი ფაქტია,  მნიშვნელოვანი მომენტია დიპლომატიურ ურთიერთობაშიც. მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ორ ქვყანას შორის ურთიერთობები – არ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი არ არის დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა –  მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში აღარ მოხდეს ისეთი კონფლიქტები, რომელიც  საქართველომ გაიარა, იყო აუცილებელი ეს ვიზიტი შემდგარიყო. ეს იყო ორივე მხარის ერთობლივი გადაწყევტილება და არავის უცდია ვიზიტის ჩაშლა,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


“ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ მსხვერპლის წინაშე, ვინც შეეწირნენ 90-იან წლებში დაწყებულ კონფლიქტებს, ვთვლით, რომ ყველა ჩვენგანმა პატივი უნდა მიაგოს მათ. დღეს მე პატივი მივაგე ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, რომელიც წინააღდეგი იყო კონფლიქტების და სისხლისღვრის“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი მცირე ჯგუფის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც აპროტესტებდნენ ლავროვის უარს პატივი მიეგო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. საპროტესტო აქცია 17 თებერვალს თბილისში რუსეთის საელჩოს შენობის წინაც გაიმართა, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის ვეტერანებმა დააწყვეს გვირგვინები, რითაც, როგორც თავად განაცხადეს, “რუსული დიპლომატიის დასამარების“ გამო მწუხარება გამოთქვეს.


თბილისში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. 


შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის “პრინციპულ პოზიციას“ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


“ეს ბაზები ვერ დარჩებიან საქართველოში მომდევნო შვიდი-რვა წელი. მათი გაყვანის ვადებზე შეთანხმება უახლოესი ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Back to top button