
ლავროვი სამხრეთ ოსეთის თაობაზე კომენტარს აკეთებს
18 თებერვალს თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
“დღეს ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე გამოეხმაურა ამ წინადადებებს, ასევე გამოეხმაურა იმ წინადადებებს, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა [გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე] გასული წლის სექტემბერში კონფლიქტის მოგვარების სამსაფეხურიანი გეგმის თაობაზე გააჟღერა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი წინ წაიწევს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა 18 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ურთიერთნდობის განმტკიცებას [კონფლიქტის] მხარეებს შორის. ძალიან სასარგებლო იყო ის პროცესი , რომელშიც გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა] კოკოითმა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ გვითხრეს [თბილისში მოლაპარაკებების დროს], რომ ეს ფორმატი გაგრძელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებს შორის ნდობის გასაძლიერებლად“, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.